„კრედიტინფო საქართველომ“ ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია წარმატებით გაიარა

2018 წლის 1 სექტემბრიდან „კრედიტინფო საქართველო“ ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საკრედიტო საინფორმაციო ბიუროა.

შეგახსენებთ, „კრედიტინფო საქართველო“ ქვეყანაში მოქმედი ერთადერთი საკრედიტო ბიუროა, რომელიც დაფუძნდა 2005 წელს იმჟამად მოქმედი ბანკებისა და კრედიტინფო ინტერნეიშენალის ურთიერთანამშრომლობის შედეგად. მისი მისიაა დაეხმაროს ორგანიზაციებს კრედიტის მართვისა და დაკრედიტების პროცესის გამარტივებისა და ეფექტურობის უზრუნველყოფით. „კრედიტინფო“, ერთი მხრივ, ეხმარება ფინანსურ ორგანიზაციებს გადაწყვეტილებების მიღებისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და სპეციალური მექანიზმების მიწოდებით; მეორე მხრივ, უზრუნველყოფს საკრედიტო განათლების მიწოდებას თავად მსესხებლებისა თუ პოტენციური მსესხებლებისათვის; “კრედიტინფო“ თანამშრომლობს ეროვნულ ბანკთან კრედიტის მართვისა და დაკრედიტების პროცესის გაუმჯობესების სფეროში, აწვდის რა მას საჭირო მონაცემებს, რომლებზე დაფუძნებითაც ხდება საფინანსო სექტორის პრობლემების იდენტიფიცირება და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება მათი აღმოფხვრის მიზნით.

საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით, „კრედიტინფოს“ ყველა პროცედურის რეგულაციებთან თანხვედრაში მოყვანა ეტაპობრივად მოხდება.

„კრედიტინფო საქართველო“ აგრძელებს საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში და მომავალშიც იზრუნებს ქვეყანაში საკრედიტო განათლების ამაღლებასა და საკრედიტო ორგანიზაციებისთვის რისკის სამართავად აუცილებელი ინსტრუმენტების მიწოდებაზე.

Creditinfo Georgia - 2 Tarkhnishvili str. 0179, Tbilisi, Georgia
(+995 32) 262 35 55 info@creditinfo.ge
Developed by Obscural