მნიშვნელოვანი ინფორმაცია

31/08/2018

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ასევე, არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან არიდების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული რეგულაციების შესახებ საკრედიტო ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ კრედიტინფო საქართველოს მისია, მისი საქმიანობის სფერო და ფუნქცია ქვეყნის საკრედიტო სისტემაში. კრედიტინფო საქართველო ქვეყანაში მოქმედი საკრედიტო ბიუროა, რომელიც დაფუძნდა 2005 წელს იმჟამად მოქმედი ბანკებისა და კრედიტინფო ინტერნეიშენალის ურთიერთანამშრომლობის შედეგად. მისი მისიაა დაეხმაროს ორგანიზაციებს კრედიტის მართვისა და დაკრედიტების პროცესის გამარტივებითა და ეფექტურობის უზრუნველყოფით. ამისთვის, კრედიტინფო ერთის მხრივ, ეხმარება ფინანსურ ორგანიზაციებს გადაწყვეტილებების მიღებისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და სპეციალური მექანიზმების მიწოდებით; მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს საკრედიტო განათლების მიწოდებას თავად მსესხებლებისა თუ პოტენციური მსესხებლებისათვის; ბოლოს, აქტიურად თანამშრომლობს ეროვნულ ბანკთან კრედიტის მართვისა და დაკრედიტების პროცესის გაუმჯობესების სფეროში, აწვდის რა მას საჭირო მონაცემებს, რომლებზე დაფუძნებითაც ხდება საფინანსო სექტორის პრობლემების იდენტიფიცირება და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება მათი აღმოფხვრის მიზნით.

რადგან ქვეყანაში მიღებული საკრედიტო გადაწყვეტილებების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ კრედიტინფო საქართველოს ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღება, ჩვენ მივესალმებით ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებულ რეგულაციებს. აღნიშნული რეგულაციები, რომელთა საფუძველზეც სავალდებულო ხდება საკრედიტო ორგანიზაციების მხრიდან ინფორმაციის მიმოცვლა, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბიუროს ეფექტურ საქმიანობას. შესაბამისად, გაიზრდება ინფორმაციის სიზუსტისა და სანდოობის ხარისხი, რომელზე დაყრდნობითაც დღეს გადაწყვეტილებას იღებს 150-მდე საკრედიტო ორგანიზაცია.

რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ე.წ. ნეგატიური სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია საზოგადოების მხრიდან სწორად იყოს  გააზრებული ეროვნული ბანკის რეგულაციით ნაგულისხმევი აღნიშნული ცვლილების შედეგები. კერძოდ, არასწორია გავრცელებული მოსაზრება, რომ ე.წ. ნეგატიური სტატუსის გაუქმების შედეგად, საკრედიტო ორგანიზაციები დაკრედიტების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინებენ კრედიტინფო საქართველოს ინფორმაციას ან ინფორმაციას ვადაგადაცილებული სესხების შესახებ.

ცვლილების არსი მდგომარეობს პირის საკრედიტო რეპორტში არსებული ველის გაუქმებაში, რომელშიც ფიზიკური პირის შემთხვევაში სესხზე 30 დღეზე მეტი, იურიდიული პირის შემთხვევაში კი, 60 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში, ფიქსირდება ჩანაწერი „არის ნეგატიური“, ან „იყო ნეგატიური“ (იმის მიხედვით ვადაგადაცილება აქტიურია, თუ უკვე დაფარული). აუცილებელია აღინიშნოს, რომ ნეგატიური სტატუსი ენიჭება კონკრეტულ ვადაგადაცილებულ სესხს და არა თავად პირს. ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, თუ პირს ისევ დაუფიქსირდება ზემოთ აღნიშნული პერიოდულობის ვადაგადაცილება, მის შესაბამის სესხს აღარ მიენიჭება ნეგატიური სტატუსი, თუმცა სესხთან დაკავშირებული ყველა სხვა ინფორმაცია, როგორიცაა ვადაგადაცილების დაწყების თარიღი, დარიცხული ჯარიმა და სხვა, პირის საკრედიტო რეპორტში ისევ იქნება წარმოდგენილი. შესაბამისად, ნეგატიური სტატუსის ველის გაუქმების შედეგი იქნება ის, რომ თუ რომელიმე ორგანიზაცია სესხის გაცემასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებდა მხოლოდ სესხის სტატუსის საფუძველზე, პირის საკრედიტო რეპორტის დეტალური შესწავლის გარეშე, მომავალში მას ამის შესაძლებლობა ვეღარ ექნება და დასჭირდება პირის საკრედიტო რეპორტის სრული ანალიზი.

აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ კრედიტინფო საქართველო არასოდეს ერეოდა საკრედიტო ორგანიზაციების შიდა საქმეებში და არ განსაზღვრავდა მათი დაკრედიტების პოლიტიკას. მაგალითად, თითოეული საკრედიტო ორგანიზაცია, საკუთარი საკრედიტო პოლიტიკის საფუძველზე, თავად განსაზღვრავს გასცემს თუ არა კრედიტს ვადაგადაცილებული სესხის მქონე ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე. შესაბამისად, კრედიტინფო საქართველოს საქმიანობა შემოიფარგლება საკრედიტო ორგანიზაციებისათვის საკრედიტო რისკის მართვისათვის საჭირო ინფორმაციისა და ინტრუმენტების მიწოდებით, ხოლო კრიტერიუმები, რომლებზე დაყრნობითაც ცალკეული საკრედიტო ორგანიზაციის შემთხვევაში საკრედიტო რისკის შეფასება ხორციელდება, მთლიანად შესაბამისი ორგანიზაციის პრეროგატივაა.

კრედიტინფო საქართველო აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და გეგმავს კიდევ უფრო მეტ აქტივობას საკრედიტო განათლების ამაღლებისა და საკრედიტო ორგანიზაციებისთვის რისკის სამართავად აუცილებელი ინსტრუმენტების მიწოდების მიმართულებით.