რჩევები საკრედიტო რეპორტზე

თქვენი საკრედიტო რეპორტი არის თქვენივე საკრედიტო ისტორიის სურათი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას არსებული და დახურული სესხების შესახებ. მასში შეყვანილია გადახდების ისტორია, საიდანაც ნათლად ჩანს,დროულად ასრულებთ თუ არა ვალდებულებებს. თქვენი საკრედიტო რეპორტი შეგიძლიათ ჩემი კრედიტინფოს მეშვეობით შეამოწმოთ.

თქვენი საკრედიტო რეპორტი მოწმდება ყოველთვის, როდესაც რომელიმე საკრედიტო ორგანიზაციას სესხთან, საკრედიტო ბარათთანან რაიმე სხვა ტიპის საკრედიტო პროდუქტთან დაკავშირებით მიმართავთ. სესხის გაცემისა და პირობების შესახებსწორი გადაწყვეტილების მისაღებად, ორგანიზაციებს სჭირდებათ ინფორმაციაიმის თაობაზე, თუ როგორ მართავთ ვალდებულებებს.

საკრედიტო რეპორტში შედის:

  • პირადი ინფორმაცია: თქვენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ოჯახური მდგომარეობა და სქესი.
  • სესხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და გადახდების ისტორია: ინფორმაცია ყველა იმ სესხის (მიმდინარე თუ დახურული) შესახებ, რომლის მსესხებელი, თავდები ან თანამსესხებელიც ხართ – იქნება ეს, ბიზნეს-სესხი, იპოთეკა, საკრედიტო ბარათი თუ სხვ. აგრეთვე, ამ სესხების გადახდების ისტორია.
  • ძიებები: თქვენს საკრედიტო რეპორტზე განხორციელებული ძიებების რაოდენობა.

ინფორმაციის სისწორე

საკრედიტო რეპორტი შეიძლება შეიცავდეს არასწორ ინფორმაციას. ეს შეიძლება იყოს „კრედიტინფოსთვის“ ინფორმაციის შეცდომით მოწოდების, ან  თაღლითობის მცდელობის შედეგი.

როგორ უნდა გაასაჩივროთ არასწორი ინფორმაცია თქვენს საკრედიტო რეპორტში

საკრედიტო რეპორტში უზუსტობის გამოსწორების ყველაზე ეფექტური საშუალება ჩვენთან დაკავშირებაა. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი გზები:

  • ელექტრონულ მისამართზე –info@creditinfo.ge გამოგვიგზავნოთ წერილი,რომელშიც აღწერილიიქნება თქვენს საკრედიტო რეპორტში არსებული უზუსტობები
  • დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: (32)2623555
  • მობრძანდეთ ჩვენს ოფისში, მისამართზე:თბილისი, თარხნიშვილის #2, სართული 3

როდესაც დააფიქსირებთ საჩივარს, საკრედიტო ბიურო გამოიკვლევს შეცდომის შინაარსს და დაუკავშირდება იმ ორგანიზაციას, რომელმაც არაზუსტი ინფორმაცია მოგვაწოდა. თუ დადასტურდება, რომ თქვენს საკრედიტო რეპორტში ინფორმაცია შეცდომით არის შეტანილი, უზუსტობები დაუყოვნებლივ შესწორდება.

ინფორმაციის წაშლა რეპორტიდან

საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში არასრული, არაზუსტი, მცდარი ან არასწორად გადმოცემული ინფორმაციის გასწორება, შეცვლა,ან წაშლა შეიძლება განხორციელდეს საკრედიტო ისტორიის სუბიექტის წერილობითი განცხადების, ან სს “კრედიტინფოსაქართველოს” კლიენტის (ინფორმაციის მიმწოდებლის) წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. თუმცა წაშლას მხოლოდ შეცდომით ან არაკანონიერად  გადმოგზავნილი ინფორმაცია ექვემდებარება.

თუ საკრედიტო ინფორმაცია სწორადაა მოწოდებული, საკრედიტო რეპორტიდან მისი ამოღება დაუშვებელია – მნიშვნელობა არ აქვს, დადებითია ის, თუ უარყოფითი.

საქართველოში თითქმის ყველა სესხი საკრედიტო რეპორტზედაყრდნობით გაიცემა, ამიტომ მასში  თქვენ შესახებ უტყუარი ინფორმაცია უნდა იყოს ასახული. ჩემი კრედიტინფოს მეშვეობით შეგიძლიათ რეგულარულად აკონტროლოთ ის ინფორმაცია, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები თქვენ შესახებ ნახულობენ.

დახურული სესხები

ვინაიდან საკრედიტო რეპორტი თქვენი საკრედიტო ისტორიის დეტალურ სურათს წარმოადგენს, მასში შესაძლებელია დახურული კონტრაქტების შესახებ ინფორმაციის მოძიებაც. დახურული სესხების ისტორია საკრედიტო ორგანიზაციებს თქვენი საკრედიტო ქცევის შესწავლის საშუალებას აძლევს.

დახურული სესხების შესახებ ინფორმაცია განსაზღვრული ვადით რჩება თქვენს საკრედიტო რეპორტში.

დაგვიანებული გადახდები

დაგვიანებული გადახდები წარმოადგენს ნეგატიურ ინფორმაციას თქვენს საკრედიტო რეპორტში და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საკრედიტო ქულის, იგივე სქორის,განსასაზღვრად.

საკრედიტო ორგანიზაციები უყურებენ თქვენს საკრედიტო რეპორტს, როგორც ვალდებულებების მართვის ამსახველ სურათს. კრედიტორებისთვის ერთგვარ განგაშის სიგნალს წარმოადგენს სესხები, რომელთა გადახდა ფიზიკური პირის შემთხვევაში 30 დღეს, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 60 დღეს გადასცდა.თუ გაქვთ გადაცილებული ვალდებულებები, საკრედიტო პროფილის გაუმჯობესების საუკეთესო გზა მათი დროულად დაფარვაა.

ვადაგადაცილებული სესხების შესახებ ინფორმაცია თქვენს საკრედიტო რეპორტში სესხის დაფარვიდან 5 წლის მანძილზე რჩება.

ძიებები

მოქმედებას, როდესაც ვინმე თქვენს საკრედიტო რეპორტს ამოწმებს, ძიება ეწოდება. ზოგიერთი ძიება ახდენს გავლენას თქვენს საკრედიტო ქულასა და რეიტინგზე, ზოგი კი არ ზემოქმედებს მასზე:

არ ზემოქმედებს – ჩემი კრედიტინფოს დახმარებით საკრედიტო ისტორიის შემოწმება;

ზემოქმედებს – ნებისმიერი მესამე პირის მიერ განხორციელებული ძიება;

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, წინასწარ აირჩიოთ, რომელ საკრედიტო ინსტიტუტს მიმართავთ სესხისთვის, რათა თავიდან აიცილოთ ბევრი ორგანიზაციის მხრიდან თქვენს საკრედიტო პროფილზე ძიების განხორციელება.

როგორ გავაუმჯობესოთ საკრედიტო პროფილი

  • დროულად გადაიხადეთ სესხის შენატანები
  • დროულად დახურეთ სესხები
  • მიმართეთ ორგანიზაციას სესხისათვის, ან აიღეთ ახალი კრედიტი მხოლოდ მაშინ, როდესაც გესაჭიროებათ
  • გაასწორეთ თქვენს საკრედიტო რეპორტში გამოვლენილი ხარვეზები

 

Creditinfo Georgia - 2 Tarkhnishvili str. 0179, Tbilisi, Georgia
(+995 32) 262 35 55 info@creditinfo.ge
Developed by Obscural